ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “ქმარი, რომელიც სიყვარულს მეფიცებოდა, სხვა ქალის მკლავებში ნებივრობს”-ემიგრანტის დღიურიდან

“ქმარი, რომელიც სიყვარულს მეფიცებოდა, სხვა ქალის მკლავებში ნებივრობს”-ემიგრანტის დღიურიდან

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

ემიგრანტის დღიური
“ჩამოვედი იმ იმედით, ცხოვრებას მოვიწყობ და მალე წავალ სახლში-მეთქი. ოცდათვრამეტი წლის ვიყავი, ხვალ სამოცი წელი მისრულდება და ამ ხნის მანძილზე, საკუთარ სამშობლოში წასვლა მხოლოდ ერთხელ მოვახერხე. ვიფიქრე დავრჩები, მეყო რაც ვიშრომე, ვიწამე-მეთქი და რად გინდა? რამდენიმე თვეში ისევ უკან დავბრუნდი, დავბრუნდი, ხო! წამლის ფულიც კი არ მქონდა, რომ მეყიდა, შევაჩერდი შვილებს ხელებში, რომელი მომცემდა და მიყიდდა წამალს. ჰო, ცდილობდნენ არაფერი მოეკლოთ ჩემთვის, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს, დედა ისევ ემიგრანტი არ გამხდარიყო.
არც ვამტყუნებ ჩემს შვილებს, ყველას თავისი ოჯახი აქვს, მტერი, მოყვარე… ამ დაქცეულ საქართველოში პატიოსანი შრომით ვერაფერს იშოვი იმდენს, რომ ყველაფერს გასწვდე. ავდექი და ისევ წამოვედი: ჩემი ბრალია ყველაფერი, ჩემი! თუ რამ ვიშოვე, ყველა სახლში გავაგზავნე, გადამედო ჩემთვის ცოტ-ცოტა და უკან დაბრუნებულს ისევ აქ წამოსვლა არ მომიწევდა.
ჩემი ქმარი კიდე, ცალკე საკითხია. როგორც კი წამოვედი, მაშინვე გაიცნო ვიღაც ქალი და ჩემ შვილებს რომ არ ემარჯვათ, ჩემს მოწყობილ კარ-მიდამოში დაისვამდა. ამდენი წელი ვწვალობ, ვშრომობ და რა მერე? საკუთარ სახლში მენატრება ღამის გათევა, ტირილი მახრჩობს ღამით, დარდი და ნერვიულობა მკლავს, ჩემი მიწა-წყლის მონატრება. კიდევ რამდენი წელი უნდა გავატარო ასე მარტოდ მარტომ?
უცხო მიწაზე, ისე სწრაფად გადის დრო, უკან მოხედვას ვერ მოასწრებს ადამიანი. სამოცმა წელმა გაირბინა და მეც მეპარება სიბერე, არც შეძლება მაქვს და არც ისევ ისე მხნედ არ გამოვიყურები, როგორც ადრე. გაჭირვებამ და უქონლობამ მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე, თორემ, დალხინებული და კარგი ცხოვრება რომ მქონოდა, განა დავტოვებდი ჩემ სახლ-კარს?!
დედამ შვილი არასოდეს არ უნდა მიატოვოს, მაგრამ რა უნდა ჰქნა, როცა სხვა გზა არა გაქვს – ათასი რამ სჭირდებოდათ, სკოლას ამთავრებდა უფროსი, მოსაწყობი იყო, პატარა სკოლაში დადოდა, ბევრი უნდოდა, ჩემი ქმარი კი მე მიყურებდა, რას ვიზამდი. თუმცა, სხვას რას ველოდი მისგან – მე მივაჩვიე. როგორც კი ცოლად გავყევი, მე ვიკისრე ოჯახში კაცის საქმე და ქალისაც, საბოლოოდ კი შედეგად ეს
მივიღე – ხელებში შემომყურე ქმარი, მე კიდე ვერ გავუძელი ამდენს და ემიგრანტად ვიქეცი. შვილები მივატოვე, უჩემოდ დაიზარდნენ.
როდესაც სახლში ჩავედი, ისეთი გაუცხოება ჰქონდათ, როცა შემხვდნენ დედის დანახვა გაუხარდათ, ბევრი იტირეს, მეც ვიტირე, მაგრამ რაღაც ძალა გვაცილებდა მაინც ერთმანეთს – არ იყო ის ადრინდელი ჩახუტება, სითბო არ მოდიოდა მათგან, ვერაფერს ვგრძნობდი, თითქოს სხვის შვილებს ვეფერებოდი. გამიჭირდა შვილებთან და ქმართან შეგუება, რაც დავტოვე ისე არ დამხვდა, ყველაფერი სულ სხვანაირი მეჩვენებოდა – უფერული, უსიყვარულო, ალბათ, ესეც იყო მიზეზი, რამაც ხელმეოდედ წამომიყვანა აქ. საუბარიც კი მაღიზიანებდა მათი ხმამაღალი, გავიდოდი და ცალკე დავჯდებოდი ჩემთვის, ისინი ვერც ამჩნევდნენ, ჩემს იქ არყოფნას, მერე ისევ ეს გაჭირვებაც დაემატა და წამოვედი.
არავის გაუწევია წინააღმდეგობა, არავის უთქვამს: ნუ მიდიხარო. ვფიქრობ, გაუხარდათ კიდევაც, რადგან მათაც შემოაკლდათ ფული და მე დავემატე კიდევ სარჩენი, სოფელში რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ გქონდეს ყველაფერი საკმარისი? თან ამ დროს? ქვეყანაც არეულია, გაღატაკებული, პირველად რომ წამოვედი აქ უჭირდა ხალხს მაგრამ, იქ ჩასულს, უფრო მეტი გაჭივრებული და უსახლკარო დამხვდა – ბანკებმა სულ გაამწარა ხალხი, დატოვა ქუჩაში, ეს ჩვენი უნიათო მთავრობა კი რას შვება? არც არაფერს, მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობს და იმაზე, როგორ დაანაწევრონ ეს ჩვენი საქართველო, რომელიც წინაპრებმა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს, რომ არ დაპატრონებოდა ყვავ-ყორნები, ახლა ლარნაკზე დადებულს ართმევენ.
ალბათ არასოდეს დავბრუნდები უკან, რა აზრი აქვს? დავბერდი ქალი და ის ვერ ვისწავლე, რომ საკუთარ თავს მივხედო, ერთი ტორტი ვერ გამომიცხვია ჩემთვის, ესაა ცხოვრება? სამაგიეროდ წამლის ფული მაინც მაქვს აქ ჩამოსულს!!!
ეჰ, ვის რად უნდიხარ, აქ ყველას გაფუჭებული გვაქვს ნერვები, ფსიქიკა, ამიტომაა, რომ ჩავედი ყველა ჩემი ოჯახის წევრი მეუბნებოდა ვერ გცნობ შეცვლილი ხარო! ჰმ, შევიცვლებოდი, აბა რა იქნებოდა?! ამდენი წელი იმუშაონ თვითონ სხვის მოსამსახურედ და გაიგებენ, როგორია შეცვლა! იცხოვრონ სხვისი ცხოვრებით და ნახავენ, როგორია ცხოვრება! დედა რომელმაც ოჯახი მივატოვე, შვილები, ქმარი, როგორი უნდა ვიყო, მხიარული და ბედნიერი?!
შვილები დედის სახეს გაყინული ეკრანიდან რომ ხედავს, ესაა ცხოვრება?! ქმარი რომელიც სიყვარულს გეფიცებოდა და ახლა სხვის მკლავებში ნებივრობს, ესაა ბედნიერება?! თუ შენი სოფლის სურნელი გენატრება და ცრემლები თავისით მოგდის თვალებიდან, ეს არის ადამიანობა?! ყველაფერი დავკარგე! ყველაფერი! გარდა იმისა რომ თავი გავიტანო და ვინმეს იმედად არ ვიყო. ხვალ დაბადების დღე მაქვს, სამოცი წელი მისრულდება და ისე გაიარა ამ წლებმა, რომ თითქოს ბეწვის ხიდზე გავდივარ – სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის!”
ავტორი; სოფო იმერელი


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...