ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს”-ილია მეორე

“სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს”-ილია მეორე

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს. ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს.

„საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე ყველა, ვინც სათნო ეყო ღმერთს, – წმინდა მამანი და დედანი, ის ოჯახები, რომელთა მემკვიდრეობაშიც ინება უფალმა განხორციელება, მოვიხსენოთ წმინდანები, რომელთაც წინასწარ გვიქადაგეს ღვთის სიტყვის ხორცშესხმა და ის უცნობი მოძღვარნი და ერისკაცნი, რომელნიც ქრისტეს მოსვლის მოლოდინს სასოებით გადასცემდნენ თაობებს. ესენი ძირითადად იყვნენ იმ პერიოდის მსოფლიოში ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი ერთადერთი ერის, ისრაელის, შვილნი. მართალია, იშვიათად სხვა ხალხებშიც არსებობდნენ სულიერებით გამორჩეული პიროვნებები, მაგრამ მხოლოდ ამ წიაღმა შეძლო უწყვეტად შეენარჩუნებინა კავშირი ღმერთთან და ჩირაღდნად ქცეულიყო მთელი წარმართული კაცობრიობისთვის; იმ კაცობრიობისათვის, რომელმაც არაერთი ცივილიზაცია შექმნა და რომელსაც საოცარი მიღწევები ჰქონდა ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მწერლობაში, ხელოვნებაში… მაინც რით შეძლო, ერთი შეხედვით, უბრალო ერმა გამორჩეული ყოფილიყო ასურეთის, ბაბილონის, სპარსეთის, ეგვიპტის, კრეტა-მიკენის, ბერძენთა, რომაელთა და სხვა იმპერიებთან შედარებით? ამ იმპერიებში დაკარგული იყო უმთავრესი, – ჭეშმარიტი ღვთის ცოდნა. ამა თუ იმ სფეროში გამოვლენილი დიდი განვითარების მიუხედავად, წარმართული საზოგადოება უდიდესწილად იყო ძალადობრივი, ჩაგვრითი, ეგოცენტრული, – თავის თავზე ორიენტირებული. ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ძლიერი ხელისუფალი თუ პიროვნება იმონებდა სუსტს; იმპერატორებს სხვათა ტერიტორიებისა და მათი ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდათ; იყო გაუთავებელი ომები, შური, ღალატი, ვერცხლისმოყვარეობა, აღვირახსნილი ცხოვრება და გაუკუღმართებული ურთიერთობები; ადამიანის ღირსება – გათელილი და გაუფასურებული, დაბალი ფენის მამაკაცები და, განსაკუთრებით, ქალები – მოხმარების საგნად ქცეულნი. ყოველივე ამას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოება, რომ წარმართული „ღმერთებიც” მიწიერნი იყვნენ, რომელთათვისაც, უცხო არ იყო ადამიანური ვნებანი. სულიერი ხსნა კი არსად ჩანდა და სიცოცხლესაც არ ჰქონდა აზრი. ასეთ მძიმე გარემოში, მართალია, დიდი დაცემებით, მაგრამ მაინც ახერხებდა იაკობის მოდგმა თავის წიაღში დაეცვა ცხოვრების საღვთო, სარწმუნოებრივი წესი, მოყვასის სიყვარული, შეენარჩუნებინა მესიის მოსვლის მოლოდინი, მოლოდინი გადარჩენისა და განცდა იმისა, რომ ამქვეყნადაც ყველაფერი და თვით სამეფო საყდარიც ზეციურ უფალს უნდა ეკუთვნოდეს და იგი უნდა იყოს ერის წინამძღოლი; რომ ხელისუფალნიც, მოძღვარნიც, წარჩინებულნიც და რიგითი მოქალაქენიც, – თავისი მოვალეობისამებრ, მის ნებას უნდა აღასრულებდნენ. ეს ყოველივე მთელი სისავსით მეფეთა შორის ყველაზე ნათლად წმინდა დავით წინასწარმეტყველს ჰქონდა გაცნობიერებული. როდესაც იგი შაბათობით აღთქმის კიდობნის წინ ლოცვად დგებოდა, სამღვდელოებისა და ერის წინაშე ხმამაღლა შეჰღაღადებდა ხოლმე შემოქმედს: „შენი მეფობა (ღმერთო), მეფობაა ყველა საუკუნეზე და შენი სუფევაა ყველა თაობაზე“ (ფს.144,13) „უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი“ (ფს.21,29) და სხვ. მან ეს ლოცვები, რომლებიც ზეციური მეუფისა და მისი სასუფევლისადმი იყო მიმართული, სავალდებულოდ დაუწესა თავის შთამომავალ მეფეებსაც და ხალხსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ საუკუნეთა მანძილზე რომელ ქვეყანასაც ისრაელის მცირერიცხოვან ერთან ჰქონდა შეხება, თუნდაც იგი დამპყრობელი ყოფილიყო, ისრაელი ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობით მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მასზე და საყოველთაო გადარჩენის მოლოდინს აღვიძებდა ყველაში. შეგახსენებთ ერთ მონაკვეთს ბაბილონის ცნობილი მეფის ცხოვრებიდან: ბაბილონის იმპერიის ზეობის პერიოდში მას ნაბუქოდონოსორი განაგებდა. მან მრავალი სამეფო დაიმორჩილა, მათ შორის, იუდეაც და დაპყრობილი ქვეყნებიდან მძევლად წაიყვანა ხელისუფალთა შვილები და ნიჭიერი ახალგაზრდები. ყმაწვილებს შორის იყო დანიელიც იუდეადან, – წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული, გონიერი, მოსეს სჯულის მტკიცე დამცველი ჭაბუკი. ერთხელ ნაბუქოდონოსორმა უცნაური და მრავლისმთქმელი სიზმარი ნახა. შეძრწუნებულს გამოეღვიძა და მის ასახსნელად თავისი სამფლობელოს ყველა მისანს, ქურუმს, მოგვსა და ვარსკვლავთმრიცხველს უხმო. უნდოდა, მათგან სიმართლე მოესმინა, ამიტომაც, მეტად უცნაური რამ მოსთხოვა: მათ უნდა გამოეცნოთ, თუ რა სიზმარი იხილა მბრძანებელმა, და აეხსნათ მისი მნიშვნელობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სიკვდილი და სახლ-კარის გადაწვა ემუქრებოდა. სასახლის შეშინებულმა ბრძენკაცებმა შეჰბედეს მეფეს და უთხრეს: მსგავსი რამ არავის არასდროს მოუთხოვია. თქვენს სურვილს კაცთაგან ვერავინ შეასრულებსო. ნაბუქოდონოსორმა ყველას წამება ბრძანა. ვიდრე მისი განკარგულება აღსრულდებოდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა ითხოვა მეფესთან შეხვედრა და, სიკვდილმისჯილთა გათავისუფლების სანაცვლოდ, სიზმრის ახსნა აღუთქვა, რადგან მან და მისმა მეგობრებმა ზეციური ღმერთისგან გამოითხოვეს შემწეობა ამ საიდუმლოს გასაგებად და უფალმაც დანიელს გაუცხადა დაფარული. ჭაბუკმა უთხრა მეფეს, რომ სიზმრით უფალმა აუწყა იმ დღეთა და ხელმწიფებათა შესახებ, რომლებიც მის შემდეგ იქნებოდნენ. კერძოდ, იხილა დიდი და საოცრად ელვარე, მაგრამ საშინელი შესახედაობის ქანდაკება, კერპი, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, ხელები და მკერდი, – ვერცხლის, მუცელი და თეძოები, – სპილენძის, ხოლო ქვედა კიდურები, – რკინისა და, ნაწილობრივ, თიხის. შორიახლოს იყო მთა, საიდანაც თავისით, ხელისუკვრელად, ლოდი დაგორდა, კერპს რკინისა და თიხის ფეხებზე დაეცა და იგი ერთიანად შემუსრა. შემდეგ ეს ლოდი დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აღავსო. ჭაბუკმა წინასწარმეტყველმა ისიც განუმარტა მბრძანებელს, რომ ნანახი კერპი ოთხი იმპერიის სიმბოლო იყო.

ოქროს თავი მას და ბაბილონს განასახიერებდა, დანარჩენები კი, შედარებით ნაკლებნი, იმ იმპერიებს, რომლებიც ბაბილონის შემდეგ აღორძინდებოდნენ (იგულისხმება სპარსეთის, საბერძნეთის, რომის) და რომ მეოთხე იმპერიის ზეობისას ამქვეყნად მოიწეოდა მეუფება მარადიული და ჭეშმარიტი, რომელიც შემუსრავდა ყველა სამეფოს დედამიწაზე, თვითონ კი უკუნისამდე იარსებებდა. ნაბუქოდონოსორი გაოცებული და შეძრული იყო მოსმენილით. იგი დაემხო მიწაზე და აღმოთქვა: „ჭეშმარიტად, ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა მეუფე.“ შემდეგ კი დანიელი დანიშნა თავის კარზე მთავარ მრჩევლად. მართალია, მეფემ აღიარა ძლიერება ჭეშმარიტი ღვთისა, რომლის სიდიადე სხვა დროსაც კიდევ რამდენიმეჯერ იხილა, მაგრამ წინაპრების კერპებს მაინც ვერ განეშორა, თუმც იუდეველთა რწმენის პატივისმცემელი გახდა და აღარ აიძულებდა მათ ბაბილონის პანთეონისთვის ეცათ თაყვანი. ამ ამბებზე მთელი ბაბილონი საუბრობდა, – ხალხიც, სიკვდილს გადარჩენილი მოგვებიც და სხვა ბრძენნიც ისტორიებს თაობიდან თაობებს გადასცემდნენ. მათ წინასწარმეტყველ დანიელისგანვე იცოდნენ, რომ ის სიზმრისეული ლოდი შვიდ შვიდათეულში, ანუ 490 წელიწადში განეცხადებოდა სამყაროს; ამიტომაც, როდესაც ეს დრო დადგა და იხილეს უჩვეულო ვარსკვლავი, მოგვებმა იგრძნეს ჟამის მოახლოება; სამეფო ძღვენი, – გუნდრუკი, ოქრო და მური, თანაწარიღეს და ვარსკვლავს გაჰყვნენ დასავლეთისკენ მიგებებად მესიისა. და მართლაც, ნაბუქდონოსორის სიზმრის მეოთხე სამეფოს, რომის იმპერიის, ბატონობის პერიოდში, I საუკუნეში, იუდეაში, დავით მეფის ქალაქად წოდებულ ბეთლემში, კაცობრივი ბუნების მიღებით, ადამის მოდგმის გადასარჩენად მოგვევლინა ძე ღვთისა. იგი სიმბოლურად დანიელ წინასწარმეტყველის სიზმრის ლოდია (დან. 2.45), რომელიც თავისთავად მოსწყდა მთას (იგულისხმება მისი უბიწოდ შობა ღვთისმშობლისგან) და დედამიწა აღავსო. ქვაბულში, პირუტყვის ბაგაში, მწოლი ჩვილი – უფალი იესო ქრისტე საოცარი სიმდაბლით წარუდგა მსოფლიოს, რათა თავისი ხორციელი მყოფობის პირველივე წუთებიდან კაცობრიობისთვის მიეცა მაგალითი თავმდაბლობისა, უბრალოებისა და თავისი ქმნილებისადმი განუზომელი სიყვარულისა. იესოს ამქვეყნად მობრძანებით, ერთი მხრივ, აღსრულდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, მეორე მხრივ კი, გარკვეული აზრი მიეცა თვით წინაქრისტიანულ ეპოქათა მიღწევებსაც, რადგან ღმერთთან მარადიული თანამყოფობის შესაძლებლობის მოტანით, აზრი მიეცა სიცოცხლეს; ამასთან, ქრისტეს ეკლესიის სახით, სათავე დაედო მაცხოვნებელ წიაღს, რომელსაც მიწიერი წარმომავლობა არა აქვს, ზეციურია, ღვთისგანაა დაფუძნებული და წარუვალი, თუმცა ამქვეყნად მყოფობს. მისი წევრი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც სამოთხეში ჩადენილი ცოდვით შებღალულ შემოქმედის ხატებასა და მსგავსებას თავის თავში განაახლებს, ანუ ღვთისა და ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარულით აღვსილი (იგულისხმება ნებისმიერი ადამიანი და არა მხოლოდ თავისი ერის წარმომადგენელი, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო), ყოვლადწმინდა სამების სახელით მონათლული და აღსარებითა და ზიარებით მასთან დაკავშირებული, მაცხოვრის მცნებებით ახალ ცხოვრებას დაიწყებს. „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება, არა არს მონება, არცა აზნაურება, არა არს გარჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ“ (გალ.3,28), – აი, ყოვლად აღმატებული სწავლება, რომელმაც მახვილივით განკვეთა ძველი სამყარო. შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი და შეიყვარე მტერიც! შეუნდე მონანულს, „არავის მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე; თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ, ყველა ადამიანთან მშვიდობით იყავით (რომ.12, 17-18). თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური (ანუ – თავმდაბალი ყველას მიმართ), დაიცავი გულის სიწმინდე, ნუ გააკეთებ სიკეთეს საჩვენებლად და გაეცი მოწყალება უშურველად, სამაგიეროს მიღების სურვილის გარეშე; იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს. – ასეთი რამ მანამდე არ სმენია კაცობრიობას. ეს იყო მაცხოვრისგან ადამიანთა აზროვნების რადიკალურად შემობრუნების შეთავაზება, შეთავაზება სულ სხვა სიმაღლისა, სულ სხვა დიდებისა; გაცხადება მისთვის ჭეშმარიტი ღვთისა და ჭეშმარიტი ადამიანობისა. კაცობრიობას ეს რომ გაეცნობიერებინა და თითოეულ ჩვენგანს ამისთვის მიეღწია, იესო გახდა სრული ადამიანი (ცოდვის გარეშე), რათა ჩვენ გავმხდარიყავით მადლით ღმერთნი; ეს ურთულესი პროცესია და დიდ ძალისხმევას ითხოვს, რადგან ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება, მით უმეტეს – მართლმორწმუნეს. შეიძლება თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს. ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ. გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით”,- ნათქვამია ეპისტოლეში


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...