ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / როგორ ვმართოთ არტერიული ჰიპერტენზია, რათა თავიდან ავიშოროთ ინსულტის რისკი

როგორ ვმართოთ არტერიული ჰიპერტენზია, რათა თავიდან ავიშოროთ ინსულტის რისკი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

მოკლედ  არტერიული
ჰიპერტონიის  შესახებ

რას ვეძახით წნევას?

“წნევას”- პოპულარულად, ხოლო სამედიცინო ენაზე “არტერიულ ჰიპერტენზიას” უწოდებენ, სისხლის “ზედა” და “ქვედა”, ანუ სისტოლური და დიასტოლური წნევის ნორმაზე მეტად მომატებას.

რამდენია ნორმა ?

თანამედროვე შეხედულებით, ნორმის “ზედა” ზღვარად ითვლება მოსვენებულ მდგომარეობაში და ყველა წესის დაცვით გაზომილი წნევის შემდეგი ციფრები: სისტოლური – “ზედა” 140 მმ. ვწყ. სვ. – მდე და დიასტოლური -“ქვედა” 90 მმ. ვწყ. სვ. – მდე.

მმ. ვწყ. სვ. – ნიშნავს ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრს – სისხლის წნევა სწორედ ამ ერთეულებში იზომება.

არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ორგანოთა დაავადებები: თირკმელების, სისხლძარღვების, ენდოკრინული და სხვა. ამ შემთხვევაში, სისხლის წნევის მატებასსიმპტომურ, ანუ “მეორად ჰიპერტენზიას” ეძახიან, მაგრამ, ხშირად ჰიპერტენზია სხვა დაავადების სიმპტომს კი არ წარმოადგენს, არამედ მათ გარეშე დამოუკიდებლად იწყება. ამ შემთხვევას “ესენციურ ჰიპერტენზიას”, ანუ “ჰიპერტონულ დაავადებას” უწოდებენ.

უკვე აღვნიშნეთ, რომ სისხლის წნევის გაზომვისას გარკვეული პირობები უნდა დავიცვათ:

 

    • პაციენტს ბოლო 1 საათის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული საკვები, ალკოჰოლი, მატონიზებელი სასმელები, არ უნდა ჰქონდეს მოწეული თამბაქო.

 

    • პაციენტს, სასურველია, არ გაეზომოს წნევა ემოციური სტრესის ფონზე. ბოლო 1/2 საათის განმავლობაში არ უნდა დაიტვირთოს ფიზიკურად. გაზომვამდე, 5 წუთით ადრე, მოხერხებულად უნდა მოეწყოს და წყნარად იჯდეს

 

    • მანჟეტის ზომა უნდა იყოს მხარის შესაბამისი, ანუ თითქმის მთლიანად ფარავდეს მხარს. მისი ქვედა კიდიდან იდაყვის ფოსომდე მცირე ადგილი უნდა დარჩეს. მანჟეტი არ უნდა გიჭერდეთ, შემოხვეულ მანჟეტსა და მხარს შორის უნდა თავსდებოდეს თითი.

 

    • იდაყვის შიგნით ზედაპირზე უნდა მოვნახოთ პულსირებადი არტერია და დავადოთ ფონენდოსკოპი ისე, როგორც სურათზე ხედავთ.

 

    • მანჟეტიდან ჰაერი უნდა გამოვუშვათ ნელა, ისე, რომ გულის შეკუმშვებს შორის, ისარმა (ან ვერცხლისწყლის სვეტმა), 2-3 მილიმეტრით დაიწიოს.

 

    • წნევა გაიზომეთ, მინიმუმ 2-ჯერ, 2-5 წუთის ინტერვალით და გამოიყვანეთ საშუალო სიდიდე.

 

  • წნევის გაზომვისას პირველი დარტყმა შეესაბამება სისტოლურს, ბოლო კი დიასტოლურ წნევას.

კიდევ რამდენიმე საყურადღებო რჩევა!

  • ზოგჯერ, მანჟეტიდან ჰაერის გამოშვებისას, შეამჩნევთ, რომ ტონები გაქრა, შემდეგ კი ისევ გაისმა. ამას “მუნჯი ზონის” ფენომენს ეძახიან. შეცდომის გამოსარიცხად, ჰაერის ჩაჭირხვნისას, წნევა მანჟეტში ყოველთვის აიყვანეთ 200 მილმეტრზე ზევით.
  • თუ შეამჩნევთ, რომ მარჯვენა და მარცხენა მხარზე გაზომილ წნევებს შორის სხვაობაა, რეალურად ჩათვალეთ წნევა, რომელიც უფრო მაღალია და შემდგომშიც ამ ხელზე გაიკონტროლეთ.
  • ზოგიერთი უცხოური აპარატი, რომელიც თვითონ ავტომატურად ზომავს წნევას, თავსდება მაჯაზე.
  • ასევე, ავტომატური აპარატებიდან ზოგიერთს მანჟეტზე მითითებული აქვს ადგილი წარწერით –არტერია. ყურადღებით იყავით! მანჟეტის დადებისას ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოაქციოთ პულსირებადი არტერიის პროექციაზე.
  • ავტომატური აპარატებით გაზომვისას, სასურველია, წნევა 3-4-ჯერ მაინც გაიზომოს და, შემდგომში, გამოყვანილი იქნას საშუალო სიდიდე.

ჰიპერტონული დაავადების დიაგნოზის დასმა არ ხდება, თუ წნევის მატებას იშვიათი და ეპიზოდური ხასიათი აქვს.

თუ თქვენ ერთხელ დააფიქსირეთ არტერიული წნევის ზომიერად მომატებული ციფრები, საბოლოო დასკვნის გაკეთებამდე, ზემოთ აღნიშნული წესების დაცვით, პერიოდულად გადაიმოწმეთ ისინი 1-2 კვირის განმავლობაში.

თუ ჰიპერტენზია კვლავ დაფიქსირდა, მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, ნებისმიერი დიაგნოზის, მათ შორის, ჰიპერტონული დაავადების დიაგნოზის დასმა, ექიმის პრეროგატივაა!

რითია საშიში ჰიპერტონული დაავადება?

სისხლის მაღალი წნევის გამო ზიანდება სისხლძარღვები, გული, თირკმლები. ამ დროს მოსალოდნელია სტენოკარდიისა და ინფარქტის, გულის უკმარისობის, ინსულტის, ენდარტერიტის (არტერიის ანთებითი ცვლილებები), თირკმლების უკმარისობის განვითარება.

ფართოდ გავრცელებული შეხედულება: – “თუ მომატებული წნევა არ გვაწუხებს, მკურნალობაც არ გვჭირდებაო” – მცდარია!

დროთა განმავლობაში წნევის უსიმპტომო მატება ზემოთ აღნიშნული სერიოზული გართულებების საფუძველი ხდება.

რა უწყობს ხელს ჰიპერტენზიის განვითარებას?

ჰიპერტონული დაავადების განვითარების რისკის ფაქტორები ისეთივეა, როგორც გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებებისა, კერძოდ: ასაკი, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობა, სიმსუქნე, უმოძრაო ცხოვრების წესი, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე, ნერვული სტრესი, სუფრის მარილის დიდი რაოდენობით მიღება, გენეტიკური განწყობა.

(იხილეთ რეკომენდაციები “გენეზისი”-ს ბროშურებში “სამკურნალო კვება ჰიპერტონული დაავადების დროს” და “გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები”)

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება,როგორ ვებრძოლოთ მას, რა არის დამოკიდებული თქვენზე?

უნდა მისდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. გახსოვდეთ, არსებობს არა “კარგი” და “ცუდი”, არამედ “საჭირო” და “არასაჭირო” წამალი!

ხანდახან არტერიული წნევის მატებას კომპენსატორული ხასიათი აქვს და იგი ორგანიზმს სხვა პრობლემების დასაძლევად სჭირდება. ნუ ეცდებით ექიმის გარეშე მოქმედებას, ნუ დაიწყებთ რაუნატინის, ადელფანის, კლოფელინის, კორინფარის, ან სხვათა თვითნებურ მიღებას.

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, დაუშვებელია დანიშნული მკურნალობის შეწყვეტა, ან შეცვლა ექიმთან შეთანხმების გარეშე.

  1. კვალიფიციური ექიმის არსენალში უამრავი თანამედროვე პრეპარატია, რომელთა სწორი შერჩევით შესაძლებელია ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ხანგრძლივი სიცოცხლე.
  2. წყარო:genesis.org.ge

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მეეზოვე რომ ვარ დამცინიან, მე კი არ მინდა 2 წლის შვილი მშიერი დამირჩეს”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებშითანატოლები დამცინიან რომ მეეზოვე ვარ 😞 მეუბნებიან ნამუსი სულ არ შეგრჩაო? 😞 – ...